In the beginning, there was darkness… And then… BANG!
- სად მოხდა დიდი აფეთქება?
- რა იყო დიდ აფეთქებამდე?
ეს ორი კითხვა ალბათ ყველაზე მეტად გავრცელებული კითხვებია დიდი
აფეთქების თეორიასთან დაკავშირებით. პირველი იმ ადგილის დასახელებას
ითხოვს, სადაც აფეთქება მოხდა, მეორე ინტერესდება, რა არსებობდა მანამ,
სანამ აფეთქება მოხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი შეკითხვის
ინტერესის საგანს სივრცე წარმოადგენს, ხოლო მეორის – დრო. სწორედ ამიტომ,
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ისინი არასწორადაა
დასმული.
დიდი აფეთქების თეორია ამბობს, რომ მანამდე არც დრო და არც სივრცე არ
არსებობდა. ამ ორ ფენომენს, რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია,
სწორედ დიდმა აფეთქებამ დაუდო სათავე. დიდი აფეთქება არ არის აფეთქება
სივრცეში. ეს სივრცის ”აფეთქებაა”. სივრცე მხოლოდ და მხოლოდ დიდი
აფეთქების შემდეგ გაჩნდა. ის წერტილი, სადაც დიდი აფეთქება მოხდა,
სინამდვილეში მთელი იმდროინდელი სამყარო იყო, რომელიც მას შემდეგ
უსწრაფესად იზრდება. ამიტომ, არასწორია შეკითხვა – ”სად მოხდა დიდი
აფეთქება?”. ერთადერთი პასუხი, რაც ამ არასწორად დასმულ კითხვას შეიძლება
გაეცეს, ეს არის – ”ყველგან” (მთელ იმდროინდელ სამყაროში, რაც წერტილზე
ბევრად მცირე იყო). რეალურად, დიდი აფეთქება ახლაც გრძელდება, რაც
სამყაროს გაფართოებაში გამოიხატება.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ დროზეც. მეცნიერებმა შორეული გალაქტიკებიდან
მომავალი მიკროტალღური გამოსხივების გაზომვით გამოთვალეს, რომ სამყარო
დაახლოებით 13.7 მილიარდი წლისაა. შეუძლებელია ვიკითხოთ, რა იყო 14
მილიარდი წლის წინათ, რადგან მაშინ დრო არ არსებობდა.
1905 წელს აინშტაინი აქვეყნებს თავის ფარდობითობის სპეციალურ თეორიას,
რასაც მოგვიანებით ფარდობითობის ზოგადი (General) თეორიაც მოჰყვა.
აინშტაინმა დაამტკიცა, რომ დრო და სივრცე ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია
და შეუძლებელია, ისინი ერთმანეთის გარეშე არსებობდნენ. არ არსებობს დრო,
თუ არ არსებობს სივრცე. ამ და სხვა (უფრო მნიშვნელოვანმა) აღმოჩენებმა
აინშტაინს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. რამდენიმე წელიწადში მასზე მთელი
მსოფლიო ალაპარაკდა და დღესაც აინშტაინი სამართლიანადაა მიჩნეული
კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ (და ალბათ უდიდეს) მეცნიერად.
ნეტარი ავგუსტინე
მაგრამ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ჯერ კიდევ
აინშტაინამდე დაახლოებით 1 500 წლით ადრე, მსგავსი იდეები ნეტარმა
ავგუსტინემ გამოთქვა. ეს სასულიერო პირი, ფილოსოფოსი, თეოლოგი,
ეპისკოპოსი და ვინ იცის, კიდევ რა, ჩრდილოეთ აფრიკაში, რომის ერთ-ერთ
პროვინციაში მოღვაწეობდა (ახლანდელი ალჟირის ტერიტორიაზე). მისმა იდეებმა
დიდი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანულ სამყაროზე.
განაგრძე კითხვა